ნიკა მელია: ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელია განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობის საკითხი.

„ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა და კომიკურია, როცა ვისმენ „ქართული ოცნების“ კომენტარებს, რომ ეს შეთანხმებაში არ არის გათვალისწინებული. მაპატიეთ და, შეთანხმებაში ის არის გათვალისწინებული, რომ გამოსასყიდი უნდა ჩამრიცხვოდა? აბა, წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია. ერთი სიტყვით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ახლა, ნაცვლად იმისა, რომ კრიზისი დაიძლიოს, კრიზისი არ გავაღრმავოთ და მერწმუნეთ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდება ქვეყანაში, თუკი ამნისტიის კანონი თუნდაც ერთ მოძალადე პოლიციელზე გავრცელდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მათთვის, ვინც ჩემთან მიმართებაში დარდობს და ამბობს, რომ ეს რაიმე სახით დამაკნინებს, მე ეს ვერანაირად ვერ დამაკნინებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხისთვის“ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში.