ანრი ოხანაშვილი: ამნისტია გავრცელდება ყველა პირსა და დანაშაულზე თანაბრად, გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც ვთანხმდებით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არავის მისცემენ საშუალებას, უკვე მიღწეული შეთანხმება ჩაშალონ.

როგორც მან ოპოზიციასთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამნისტია აუცილებლად გამოიცემა და გავრცელდება ყველა პირსა და დანაშაულზე თანაბრად - გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც მხარეები თანხმდებიან.

„ქართული ოცნება“ რჩება ერთგული შეთანხმების, იმ ხელმოწერის, რაც განვახორციელეთ, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და სამართალდარვევაზე გავრცელებას. თუ იკითხავთ, კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული, რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ორი აზრი არ არსებობს. საუბარია წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, დამამცირებელ მოპყრობასა და ა.შ. იმაზე, რაც დაკავშირებულია კონვენციის მეორე, მესამე მუხლის შესაძლო დარღვევასთან. თუ დადგინდება, რომ შესაძლოა, ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, არ შეეხებათ, კონვენციური სტანდარტი იქნება დაცული, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს წერია ტექსტში ერთი ერთში. ვერც ერთი პოლიტიკოსი, როდესაც მას სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული, ვერანაირდ ვერ იქნება პრივილეგირებული სხვა რომელიმე პირთან, თუნდაც პოლიციელთან მიმართებაში. ამიტომ, სტანდარტი და მიდგომა იქნება ყველასთვის ერთიანი.

ჩემი პოზიცია და „ქართული ოცნების“ სულისკვეთებაა, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, არავის არ მივცემთ საშუალებას, თუ აქამდე ცდილობდნენ, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო და ჩაშლილიყო, ახლა ვინმემ სცადოს მიღწეული შეთანხმების აღსრულების ჩაშლა. ეს სულისკვეთება გვაქვს ჩვენ, ჩვენ ვართ ერთგული ევროპული ღირებულებების და იმის, რომ ამნისტია უნდა გამოიცეს, ამნისტია გამოიცემა და გავრცელდება ყველაზე თანაბრად, ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე, გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც ვთანხმდებით, სხვა დეტალები არის საქმიანი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განმარტებით, გარკვეული აზრთასხვადასხვაობაა, თუმცა პოზიციების შეჯერების რესურსი არსებობს.

„როგორც ჩაიწერა დოკუმენტში, რომ შეეხოს ყველას და ყველაფერს, გარდა საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი წესისა, ამას შევასრულებთ. ჩვენ ულტიმატუმების ენით საუბარი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. აქ ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არავის მივცემთ. არც ერთ ადამიანს, ვინც აქ იყო ოპოზიციის მხრიდან, არ უსაუბრია ულმტიმატუმის ენით და ვერ ისაუბრებენ, ამის უფლება არავის აქვს, ჩვენ ვართ მოწოდებული, შეთანხმება შესრულდეს იმ მარტივი კონსტრუქციით, როგორც წერია შეთანხმებაში“, – განაცხადა დეპუტატმა.