ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერების მონაწილეობით ხვალ პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდება

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმომწერების მონაწილეობით ხვალ პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდება.

ხვალ, 27 აპრილს, ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს, რასაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. შეთანხმების ამ ნაწილის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი, თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება და ამ პირობით დატოვებს ციხეს. პარტიის თავმჯდომარე კანონპროექტის საკითხზე ამბობს: 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ“.

ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტია იმ პირებსაც შეეხებათ, რომელთაც 20 ივნისის ღამეს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რაც, მისი თქმით, მიუღებელია. ასევე აღნიშნა, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ახლა ამნისტიის კანონპროექტის მომზადება მოუწევთ ისე, რომ ის არ შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს (შეთანხმების ტექსტის თანახმად, მასზე ხელმოწერა პარლამენტში შესვლაზე თანხმობასაც ნიშნავს) პარტიებმა: „ქართული ოცნება“, „ლელო“ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩმი, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ „მოქალაქეები“, „რესპუბლიკური პარტია“. ლელო 4 მანდატი აქვს მოპოვებული (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი); „ძალა ერთობაშიას“ ბლოკში შემავალი „რესპულიკელებიდან“ პარლამენტის საქმიანობაში კი ხვალ, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ჩაერთვებიან.

შეთანხმებას ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა; ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მედიასთან კომენტარს არ აკეთებს; „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ამავე პარტიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ.

დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირეს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესულმა დეპუტატებმა, „ევროპელმა სოციალისტებმა“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემოთავეზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ლეიბორისტულმა“ პარტია, რომელსაც ერთი მანდატი (შალვა ნათელაშვილი) ეკუთვნის.

დოკუმენტზე ხელმომწერები პარლამენტში 27 აპრილს საქმიანობას ამნისტიის საკითხით დაიწყებენ. მათ შორის არ იქნება თაკო ჩარკვიანი, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ ახლა, პარლამენტში შესვლის დრო არ არის, როცა „ოლიგარქიულ რეჟიმს თითქმის უკვე ათმობინებდნენ წართმეულ სახელმწიფოს“.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ არჩევნებზე სულ 4 მანდატი (გიორგი ვაშაძე; თამარ ჩარკვიანი; პაატა მანჯგალაძე; თეონა აქუბარდია) მოიპოვა.

„ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ამაში განსაკუთრებული და უცნაური არაფერი არ არის, მთავარი საკითხი ახლა არის ამნისტიის კანონპროექტი, რადგან განსაცდელში ვერ მივატოვებთ იმ პოლიტიკურ დევნილებს, რომლის აღიარებაც მოხდა. ამნისტიის საკითხის შემდეგ, სხვა პუნქტებზე გადავალთ, რადგან კარს მოგვადგა უკვ არჩევნები და იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, აუცილებელია ყველა იმ ცვლილების მიღება, რომელსაც ითვალისწინებს ხელშეკრულება.

რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ვცდილობთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, რადგან თავისი სულისკვეთებიდან გამომდინარე, შეთნხმება ითვალისწინებს კომპრომისებს და ამისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. კომპრომისი ვერ მოხდება მწამებლებთან და ჯალათებთან დაკავშირებით, კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რომ ამნისტის მაღალი თანამდებობის პირებს შეეხოთ. ჩვენ გვინდა, რომ პრაქტიკა, რომ დაზარალებულის თანხმობით ხდებოდეს მხოლოდ ამნისტია, გვინდა იყოს გათვალისწინებული, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მივაღწევთ ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა Europetime-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც ბოიკოტს გამართლებულად ამ ეტაპზე უკვე აღარ მიიჩნევს, „ევროპული საქართველოს“ სიით გასული შალვა შავგულიძეა.

შალვა შავგულიძე რომელმაც მანდატი „ევროპული საქართველოს“ სიით მოიპოვა, ხვალ პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება. მისი შეფასებით, საქართველოს უცხოელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარის თქმა იქნებოდა გადამლაშება და ქვეყნის ინტერესების დაზიანება.

შალვა შავგულიძემ Europetime-თან განაცხადა, რომ ადრე ბოიკოტს ემხრობოდა, რადგან დასავლეთის მკაფიო ყურადღება გვჭირდებოდა იმის გამო, თუ რაოდენ სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა არჩევნებზე.

„შეთანხმება ორი პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლების რეალურ მექანიზმებს ითვალისწინებს. დოკუმენტში არის ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის პერსპექტივა, (გამართლებულად არ მიმაჩნია ის მექანიზმი, მაგრამ ამ თემის გახსნის მექანიზმი გამოჩნდა). ხელისუფლება პრაქტიკულად აღიარებს ხელმოწერით, რომ ეს ორი საქმე საზოგადოებაში პოლიტიკურად აღქმულია; რომ ვადამდე არჩევნებზე საუბარი შეიძლება იყოს გარკვეული დათქმებით, რომელიც ალბათ მუშაობის პროცესში დაიხვეწება; რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმა; საარჩევნო სისტემის და კანონმდებლობის რეფორმა - ამაზე უარის თქმით თუ ხელს ავუკრავდით დასავლეთს, რას გვეტყოდნენ - რომ მეტი არ შეგვიძლია, მხოლოდ ამ კომპრომისულ ვარიანტზე შევძელით პოზიციების მიახლოება და თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, მაშინ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და გავარკვიოთ ოპოზიციამ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, რაზე ვთანხმდებით. აღმოჩნდებოდა, რომ ამ მედიაციიდან გავიდოდა დასავლეთი და დავრჩებოდით პირისპირ ამ პრობლემებთნ, გამოდის, რომ უარს ვეუბნებოდით დასავლელ პარტნიორებს და საბოლოოდ, თუ ასეთ სვლას გავაგრძელებთ, მარტო დავრჩებით რუსეთის პირისპირ“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, შალვა შავგულიძის განცხადებით პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს.

„ძალიან კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით, რომ შევძლებთ შეჯერებას ისეთ კანონპროექტზე, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და ერთი კანონპროექტი შევა. თუ ხელისუფლება დაიჩემებს და შეეცდება, შეიტანოს ძალიან უსამართლო და გაუმართლებელი კანონპროექტი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, ალტერნატიული კანონპროექტი წარვადგინოთ და შემდეგ, პარლამენტის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა დადგეს, რას უჭერენ მხარს - უჭერენ მხარს 20 ივნისის აქციის უკანონო დაშლაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირების ამნისტიას თუ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს იმ პირთა მიმართ, რომელთა დევნაც სახელმწიფომ დაიწყო. ეს ასევე შეეხება რამდენიმე პოლიციელს, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მათ მიმართაც შეწყდება დევნა. ამაზე იყო ზუსტად შეთანხმება, რომ ეს გავრცელდეს არსებულ ბრალდებებზე“, - განუცხადა შალვა შავგულიძემ Europetime-ს.

დღის ბოლოს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი აუცილებლად მიიღებს.

„აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი იქცევა კანონად. არავის არაფერი არ გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. აქ თუ იქნება რესურსი, რომ ოპოზიცია დაგვეთანხმოს სამართლიანი და რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი და რაციონალური. თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს იქნება მათი არჩევანი. კანონპროექტი დაინიცირდება და მას მივიღებთ, შეთანხმებას შევასრულებთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.