„NATO ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება; ალიანსი და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს; ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის; NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების გაკონტროლებას განაგრძობს“, - NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს: როგორ აფასებს NATO საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, დადგა თუ არა გადამწყვეტი დრო საქართველოსთვის NATO-ში ინტეგრაციისთვის, როგორ აფასებს NATO უკრაინაში ბოლო პერიოდში დაძაბულ ვითარებას და რა სტრატეგია უნდა შემუშავდეს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების განსამტკიცებლად?
ჯეიმს აპატურაი ასევე აცხადებს: ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც.
_როგორ აფასებს NATO საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ თუ პარლამენტი სრულყოფილად ვერ მუშაობს, ეს ძალიან ნეგატიური სიგნალია ქვეყანაში დემოკრატიის სიძლიერეზე. როგორ ფიქრობთ, შეთანხმების მიღწევა და გარკვეულწილად პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი ახლა რა სიგნალია ქვეყნისგან, რომელიც NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება ნამდვილად კარგი ამბავია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან მათ არჩეულ წარმომადგენლებს მუშაობის დაწყება შეეძლებათ, თავის მხრივ, მთავრობას შეეძლება, ფოკუსირდეს მიმდინარე გამოწვევებზე, როგორიცაა კოვიდკრიზისი და მისი ეკონომიკური გავლენა, ასევე - სასამართლო სისტემის რთულ, მაგრამ საჭირო რეფორმებზე. ეს ასევე კარგი ამბავია საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, რადგან შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მექანიზმებსა და გარანტიებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკოსს, ჩაერთონ დიალოგში არსებით საკითხებზე და ითანამშრომლონ კონსტრუქციულად.
და ბოლოს, ეს ასევე კარგი ამბავია ყველა ჩვენგანისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვისაც სურს, იხილოს საქართველოს წარმატება. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის.
ამრიგად, ძალიან ვაფასებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის, კრისტიან დანიელსონის და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ძალისხმევას, რაც აღნიშნული მიზნების შესრულების შესაძლებლობას ხელს შეუწყობს. ვიყურებით რა წინ, NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება.
_თქვენი აზრით, რა გავლენა იქონია NATO-ში გაწევრიანებაზე მიმდინარე პროცესებმა და მხარეებს შორის საბოლოოდ მიღწეულმა შეთანხმებამ გარკვეულწილად საფრთხეები ამ ეტაპზე რამდენად აარიდა ქვეყანას. ვგულისხმობთ იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა მინიშნებები, რომ არსებული ვითარება უარყოფითად იმოქმედებს წევრობის პერსპექტივაზე. ამასთან, თქვენი შეფასებით, კრიზისის დასრულება NATO-ში ინტეგრაციის პროცესში შემდგომ პროგრესს რამდენად უხსნის გზას?
უპირველეს ყოვლისა, NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მათ შემდეგ სამიტებზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მეორე, NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური თავისუფლება.
მოქალაქეთა მიერ თავისუფალ და სამართლიან პირობებში გამართულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ის საკითხია, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიაში ცენტრალური ადგილი უკავია.
მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც.
ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.
_ ცნობილია NATO-ს პოზიცია, რომ ალიანსი არ შეეგუება იმას, რაც საფრთხეს უქმნის და ემუქრება მისი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არის თუ არა დრო უფრო ქმედითი ნაბიჯების, რაც შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კრიზისის დროს სარგებლობს რუსეთი და ამაზე ბოლო პერიოდში ბევრ განცხადებას ვისმენთ?
რაც შეეხება NATO-ს მომავალ გაფართოებას, ამაზე ვისაუბრე წინა კითხვაზე პასუხის დროს. ამასთან, ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მოკავშირეებმა აშკარად და მტკიცედ დააფიქსირეს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება; მან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებს. NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ სათანადოდ გავითვალისწინეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ამ ადგილებში რუსეთის დე ფაქტო კონტროლზე.
გარდა ამისა, NATO-მ გადადგა რიგი ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობების გაძლიერებაში, მათ შორის საქართველოში. კოვიდკრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი; გავაძლიერეთ თანამშრომლობა თავდაცვის სექტორის მენეჯმენტისა და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით, NATO-საქართველოს არსებითი განახლებული პაკეტის საშუალებით.
ეს მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და კიბერსივრცეს ეხება. მისი მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს ურთიერთქმედება საქართველოსა და NATO-ს სტრუქტურების სხვადასხვა ნაწილში, გააძლიეროს პაკეტის საზღვაო კომპონენტი, უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ქართულ ერთეულს შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე. ეს პრაქტიკული ნაბიჯები აჩვენებს, რომ NATO საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია.
_შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვანია NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის. როგორ შეაფასებდით უკრაინაში ბოლო პერიოდში დაძაბულ ვითარებას და რა სტრატეგია უნდა შემუშავდეს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების განსამტკიცებლად?
რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიის შემდეგ, NATO-მ თავისი ყოფნა შავ ზღვაში გაზარდა. NATO-ს გემები რეგულარულად პატრულირებენ და ატარებენ წვრთნებს შავ ზღვაში. რამდენიმე მოკავშირე ახორციელებს საჰაერო კონტროლს. კრაიოვში გვყავს მრავალეროვანი ბრიგადა, რომელსაც რუმინეთი უძღვება. NATO-ს სამი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი არიან სანაპირო ქვეყნები, საკუთარი ძალებით შავი ზღვის რეგიონში.
ამავდროულად, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ტრენინგით. NATO და საქართველო ასევე იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის.
ჩვენს ბოლო შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი. ეს საკითხი NATO-უკრაინის კომისიის სხდომაზე ასევე განვიხილეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა ჯარი (ათიათასობით, საბრძოლო მზადყოფნაში) და სამხედრო ტექნიკა გადაიტანა უკრაინის საზღვრებთან და სამხედრო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა. მან გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის რეგიონში. ეს სამხედრო აქტივობა ძალიან უჩვეულოა როგორც მასშტაბით, ასევე პერიოდით და რუსეთი თავის მიზნებში არ იყო გამჭვირვალე.
ეს არის რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითის კიდევ უფრო ფართო ნაწილი, რაც ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ სათანადოდ გავითვალისწინეთ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბოლოდროინდელი განცხადება რუსეთის მხრიდან დეესკალაციის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი და დაგვიანებულია.
NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების გაკონტროლებას განვაგრძობთ. NATO უკრაინის გვერდით დგას და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალა უკრაინის ტერიტორიიდან. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინას უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის ინსტიტუტების შესაძლებლობების განმტკიცებაში დავეხმარეთ.
გავაუმჯობესეთ თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში მეტი სწავლებით და პორტში ვიზიტებით; ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ფართო რეფორმის დღის წესრიგს, რაც უკრაინას უფრო მდგრადს გახდის და ხელს შეუწყობს მის NATO-სთან დაახლოებას. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ახლახან ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, ჩავატარეთ NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან ერთად, სადაც განვიხილეთ უახლესი მოვლენები. NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება.
_ჩვენ ვიცით, რომ NATO, ეს არ არის სამხედრო ალიანსი ვინმეს წინააღმდეგ, ესაა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დამოკიდებული და შექმნილი ერთიანობა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ლოზუნგი - „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ არ არის ვალიდური და ამგვარ კომპრომისებს იმედგაცრუება მოაქვს. თქვენი აზრით, საერთო ფასეულობითი ერთიანობა, კონსოლიდირება და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება იქნებოდა თუ არა სწორედაც მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი პასუხი რუსეთისთვის?
საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და ღირებულებებს, საუკეთესოდ იმუშაონ საფრთხეებისა და გამოწვევების ფართო სპექტრის პირისპირ, ეჭვგარეშეა, რომ 14 ივნისს დაგეგმილი სამიტის წინ განხილვების დროს, უმთავრესი იქნება. ნება მომეცით დავამატო, რომ ამ გამოწვევათა ნაწილის სათავე პრეზიდენტ პუტინის აგრესიული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, როგორიც არის მაგალითად უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენები, მაგრამ სხვა გამოწვევები სათავეს სხვაგან იღებს. პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ვეძიოთ მაღალი დონის სოლიდარობის და საერთო გადაჭრის დამყარებაში ჩვენს შორის - ანუ მოკავშირეებში, და ასევე პარტნიორებთან, როგორიც არიან საქართველო და სხვა თანამოაზრე ქვეყნები.