CNN: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შესაძლოა, მაისში უკრაინას ეწვიოს

CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი ემზადება ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის და ევროპული სამიტის დეტალებს გადის.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, შესაძლოა, მაისში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას ეწვიოს და სწორედ აქედან გამომდინარე იწყებს თეთრი სახლი ლიდერების შეხვედრის სამზადისს.

CNN-ის ინფორმაციით, კიევში ენტონი ბლინკენის ვიზიტმა უნდა ცხადყოს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის მიმართ ხისტ კურსზე უარს არ იტყვის.

ის ფაქტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თავის მთავარ დიპლომატს უკრაინაში აგზავნის, ბაიდენი-პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, მკაფიო სიგნალია იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას და მას, როგორც მოკავშირეს აფასებს.

გამოცემა წერს, რომ ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში იქნება ბაიდენ-ზელენსკის პოტენციური შეხვედრის განხილვის შესაძლებლობაც.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრას უმასპინძლონ.