ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში დღეს 99-ე შეხვედრა იმართება.
დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს შორის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი იქნება ბოლო დღეების განმავლობაში, ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.
„მჯერა, რომ ერგნეთის შეხვედრები ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების, დაძაბულობის შემცირებისა და მონაწილეთა შორის ნდობის აღდგენისთვის აუცილებელია“, - ამის შესახებ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როგორც ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს, მჯერა, რომ ეს შეხვედრები აუცილებელია ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, დაძაბულობის შემცირებისთვის და მონაწილეთა შორის ნდობის აღდგენისთვის, ეს ფორმატი იძლევა პირდაპირი დისკუსიის შესაძლებლობას იმ ძალიან კონკრეტული საკითხების შესახებ, რომლებიც აწუხებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას - საკითხების როგორიცაა, კონკრეტული დაკავებების შემთხვევები ან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები.
ფაქტობრივად, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები ამჟამად არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ საჭიროებებზე და მონაწილეები ხშირად საჯაროდ საუბრობენ ამ მექანიზმის მნიშვნელობაზე.
ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების გასულმა შეხვედრებმა მაგალითისთვის, ხელი შეუწყო დაკავებული პირების გათავისუფლებას და ირიგაციის მსგავსი სხვა პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას. მე მზად ვარ, განვაგრძო ეუთოსთან თანამშრომლობით მსგავსი დისკუსიების თანათავმჯდომარეობა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანა.
ასევე ხაზი მინდა გავუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზს, როგორც კიდევ ერთ ეფექტიან საშუალებას, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენება ჰუმანური ქმედებების, ინცინდენტთა მართვის და ნდობის შექმნის უზრუნველსაყოფად. მაგალითისთვის, 2020 წელს, ცხელი ხაზი 2820-ზე მეტჯერ ამოქმედდა ძირითადად სამედიცინო მიზეზებით გადასვლების შემთხვევების განსახილველად, დაკავებების, სასოფლო სამეურნეო საკითხებთან და „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად“, - აღნიშნა მარეკ შჩიგელმა.