ბექა ლილუაშვილი: დღეს ვერ ვხედავთ, რას გეგმავს ხელისუფლება გაჭირვებასთან მარტო დატოვებულების მხარდასაჭერად

„დღეს ვერ ვხედავთ, რას გეგმავს ხელისუფლება გაჭირვებაში მარტო დატოვებულების მხარდასაჭერად“, - ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კომუნალურების სუბსიდირება დასრულდა, ვაქცინაცია გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს, ვხედავთ, როგორია კოვიდის სტატისტიკა, წინ გვაქვს დღესასწაულებთან დაკავშირებული უქმეები - მეტი გაჭირვება, მეტი პრობლემები ჩვენი მოქალაქეებისთვის. რას ვეუბნებით ამ ადამიანებს? ამ ადამიანებისთვის სრულიად უმნიშვნელოა პარლამენტის თავმჯდომარის მოხსნა/დანიშვნისთვის გაჟღერებული რაღაც გაუგებარი ახსნა-განმარტებები.

მე მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, მეტად დაინტერესდეს ამ პრობლემებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მხარდაჭერის ღონისძიებები არ იყო საკმარისი, მაგრამ ეს იყო შეზღუდული რესურსების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა მოქალაქეებზე, ხალხზე. მათთან კავშირი და მათი მინიმალური თანადგომა ამ მძიმე პერიოდში. მომდევნო თვიდან ეს მზრუნველობაც გაქრება და ადამიანები დარჩებიან სრულიად მარტო გაჭირვებასთან.

დღეს ვერც მე, ვერც ჩემი გუნდის სხვა წევრები, და, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები, ვერ ხედავენ რას გეგმავს ხელისუფლება გაჭირვებასთან მარტო დატოვებული ადამიანების მხარდასაჭერად. პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს, ეს არის გუშინდელი დღე. დღეს საჭიროა საქმიანი დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, რიგითი მოქალაქის მომავალზე - ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი თანმიმდევრული გეგმა - დასაქმების, მედიკამენტების გაზრდილი ფასების, პოსტ-პანდემიური სოციალური მხარდაჭერისთვის, ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკის აღდგენის გეგმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ადამიანებზე როცა ეს მათ სჭირდებათ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება მათი თანადგომა არჩევნების წინ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.