თურქეთის პარლამენტმა 1915 წლის მოვლენების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება მტკიცედ დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu agency ავრცელებს.
პარლამენტმა ბაიდენს მოუწოდა სომეხთა გენოციდის გამო, შეცვალოს მისი განცხადება.
„იურიდიული და მორალური თვალსაზრისით, აშშ-ის პრეზიდენტი უფლებამოსილი არ არის ისტორიულ საკითხებზე იმსჯელოს. ბაიდენმა უნდა შეცვალოს ეს მცდარი განცხადება, რომელიც ისტორიულ ფაქტებთან არათავსებადია და ჩვენი ერის ნამუსს შეურაცხყოფას აყენებს. მოგიწოდებთ, უარი თქვათ ამ განცხადებაზე, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია თურქეთის პარლამენტის განცხადებაში.
ცნობისთვი, 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება.