კელი დეგნანი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია იყოს პარლამენტში და თავის ამომრჩეველს იქ წარმოადგენდეს

"მელია გახლავთ ძალიან დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს პარლამენტში და თავის ამომრჩეველს პარლამენტში წარმოადგენდეს. მე იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ისაუბრა.

დიპლომატის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიები უკვე შევიდნენ პარლამენტში და ახლა იქ არიან.

„შეთანხმების მიღწევა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში, რომლის შედეგადაც პარტიები შევიდნენ პარლამენტში და ჩვენ ვხედავთ თუ როგორ მუშაობს მრავალპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა ამნისტიის კანონპროექტის დეტალები არის ის საკითხი, რაც უნდა განიხილონ და მივიდნენ საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამ საკითხს განიხილავენ და ეს არის ჯანსაღი პროცესი.

მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პარტიები შევიდნენ პარლამენტში და ახლა არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ და განახორციელონ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს. ეს გააუმჯობესებს ზოგადად პირობებს, რომ ჩატარდეს უკეთესი არჩევნები და აღდგეს საზოგადოების ნდობა როგორც არჩევნების, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. კიდევ ერთხელ შევაქებ იმ პოლიტიკური პარტიების გამბედაობას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას“, - განაცხადა დეგნანმა.