საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, NATO-საქართველოს თანამშრომლობა გრძელდება და ვითარდება. საქართველო ურყევად დგას ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საჭიროა ქვეყანაში NATO-ს წარმომადგენლობითობის გაზრდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო NATO-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ხაზი გაესვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას.
პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა. პრეზიდენტმა ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისა და ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესახებ.
მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხი და ამ მიმართულებით NATO-ს მეტი ჩართულობა.
როგორც ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას სერ სტიუარტ პიჩიმ აღნიშნა, NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.
მხარეებმა ავღანეთში NATO-ს საერთაშორისო მისიაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს.