ენტონი ბლინკენი: აშშ გმობს კრემლის მიერ ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებს

აშშ უერთდება ევროკავშირის ლიდერების განცხადებას და გმობს კრემლის მიერ ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაგანაცხადა.

„ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის ლიდერებს და ვგმობთ კრემლის მიერ გამოცემულ აკრძალვას რუსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის 8 მოქალაქისთვის შესვლის თაობაზე. ეს მოსკოვის მხრიდან კრიტიკოსების კიდევ ერთი დაშინების მცდელობაა. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურს, მაგრამ მან პატივი უნდა სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

კრემლმა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დევიდ სასოლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვას, საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელს. რუსეთის სანქციები სულ 8 პირს შეეხო.

კრემლის გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უკვე დაგმეს. მათი თქმით, ამ სანქციებით, პუტინი ევროკავშირთან დაპირისპირების გზის არჩევის დმონსტრირებას ახდენს.