"მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვოს საპატიმრო", - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს და პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს.
"ევროკავშირის თანხმობა, დაფაროს ნიკა მელიას გირაო, ყველაზე ნათელი დასტურია, რომ ის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული. ვწუხვარ, რომ აღდგომის დღესასწაულს ვერ გაატარებს საკუთარ ოჯახთან, თუმცა, იმედი მაქვს, მალე მისი საკნის კარებიც გაიღება. სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობაა ამნისტიის კანონის შინაარსის თაობაზე. აღნიშნული კომისია, შესაძლოა, ის გამოსავალი იყოს, რომელიც ჩვენც და საზოგადოებასაც შესაძლებლობას მისცემს საფუძვლიანი მსჯელობა გამართოს კანონის მიღებამდე. ეს გადაწყვეტილება დაასრულებს შიდა ოპოზიციურ განხეთქილებასაც, რომელიც აზიანებს საერთო მიზნებს. მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომ ამ შეთანხმებით კიდევ ერთი შანსი მისცეს ქვეყანას, პოლიტიკური კრიზისიდან სწორედ იმ გზით გამოვიდეს, რომლითაც უნდა დადიოდეს ევროპული სახელმწიფო“, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუემნტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, რის გამოც მას საკუთარი პარტიის წევრებთან დაპირისპირება ჰქონდა.