ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ

ლონდონში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს მოსკოვთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დროს პრეზიდენტი ბაიდენი ამაზე პირდაპირ ისაუბრებს.

ბლინკენის განმარტებით, არსებობს სფეროები, რომლებშიც თანამშრომლობაც ორი ქვეყნის ინტერესებშია, სტრატეგიული პარტნიორობა კი ამ სიის სათავეშია. ამის მაგალითია ახალი სტარტის შესახებ შეთანხმებაც. თუმცა, მისივე თქმით, თუ რუსეთი უგუნურად ან აგრესიულად მოქცევას გადაწყვეტს, აშშ ამას უპასუხებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ. თუმცა, ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ესკალაციისკენ არ მივისწრაფით. უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს. თუ რუსეთი ამ მიმართულებით წავა, ჩვენც იგივეს გავაკეთებთ. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ექნება შესაძლებლობა, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის დროს ამაზე პირდაპირ ისაუბროს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრიტანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.