Reuters - ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა თალიბანის მსხვილმასშტაბიანი შეტევა მოიგერიეს

Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის მსხვილმასშტაბიანი შეტევა მოიგერიეს.

აღსანიშნავია, რომ თალიბანმა შეტევები ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ განაახლა.

როგორც გამოცემა წერს, ჰელმანდის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელის, ათაულა ავღანის განცხადებით, თალიბანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა და ლაშქარგაჰის რეგიონში რამდენიმე პოზიცია დაიკავა. თუმცა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ავიადარტყმებისა და რაიონში ელიტარული დანაყოფის, „კომანდოსის“ გადასროლის შედეგად აჯანყებულთა შეტევა მოიგერიეს.

სროლები რაიონში დღეს დილითაც მიმდინარეობდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ჯარების გაყვანის პროცესი მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.