ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის მეოთხე კლასის ხომალდი USCGC ჰამილტონი (WMSL-753) შემოვიდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მიზანი საზღვაო წვრთნების ჩატარებაა, რომელიც ხელს შეუწყობს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საზღვაო თანამშრომლობის გაზრდას.
შსს ინფორმაციით კი, ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება, ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას,ასევე, ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას.
უწყების ცნობით, "USCGC HAMILTON" ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს. ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.
როგორც ცნობილია, ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების - "დიოსკურიასა" და "ოჩამჩირეს" მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა. სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს, ძებნა-გადარჩენის პროცედურებს და აშშ-ის ხომალდის კუთვნილი ვერტმფრენის გამოყენებით სხვადასხვა სასწავლო ელემენტს. ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.
ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე აშშ-ის ხომალდის მეთაურთან, I რანგის კაპიტან ტიმ ქრონინთან შეხვედრას ბათუმის სამმართველოში გამართავს. ასევე, დაგეგმილია ეკიპაჟის წევრების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC). ამერიკელი კოლეგები კი ქართულ დელეგაციებს ხომალდ "ჰამილტონზე" უმასპინძლებენ.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.