ისრაელის პრეზიდენტმა ახალი მთავრობის ფორმირება  პარტია "ეშ ათიდ"-ის ხელმძღვანელს  დაავალა

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მთავრობის ფორმირება პარტია "ეშ ათიდის" ლიდერს, იაირ ლაპიდს დაავალა.

როგორც ცნობილია, ლაპიდს ახლა ახალი კოალიციის შესაქმნელად 28 დღე აქვს, რომელიც 2 ივნისს დასრულდება.

"პარლამენტში შესული პარტიებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, დღეს გადავწყვიტე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბების მანდატი დეპუტატ ლაპიდს გადავცე", – განაცხადა რივლინმა.

პრეზიდენტის თქმით, "რიგი რეკომენდაციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იაირ ლაპიდს ბევრი სირთულეების მიუხედავად, შეუძლია მთავრობის ფორმირება, რომელსაც ქნესეთის ნდობა ექნება".

თავის მხრივ, ლაპიდმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ისრაელის მთავრობა.

პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების ვადა ამოეწურა.