ენტონი ბლინკენი: გვსურს, დავადასტუროთ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, ის მოხარულია, რომ ისევ იმყოფება უკრაინაში. მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის დადასტურება.

ამის შესახებ ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან შეხვედრისას ისაუბრა.

კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე ბლინკენმა თქვა, რომ მოხარულია, რომ კვლავ დაბრუნდება უკრაინაში და ის აქ არის ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ წარმოადგინოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

მდივნის თქმით, მათ სურთ დაადასტურონ შეერთებული შტატებისა და უკრაინის მტკიცე პარტნიორობა, აგრეთვე აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი.

"გვინდა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ქვეყნების მტკიცე პარტნიორობა, ასევე მხარი დავუჭიროთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, რათა ვაჩვენოთ ჩვენი ვალდებულება თქვენთან თანამშრომლობაში, რაც ხელს შეუწყობს თქვენი დემოკრატიის განმტკიცებას, ინსტიტუტების განვითარებას და კორუფციასთან ბრძოლას", - აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, სადაც ის შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.