ენტონი ბლინკენი: საფრთხეები რჩება, რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან ჯარის მხოლოდ ნაწილი გაიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სახელმწიფო მდივანმა ასევ აღნიშნა, რომ შტატები მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

„საფრთხეები რჩება. რუსეთმა ჯარის მხოლოდ ნაწილი გაიყვანა, საგრძნობლად მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინის საზღვართან რჩება. რუსეთს თუ ამას გადაწყვეტს, უმოკლეს დროში შეუძლია აგრესიულად მოქცევა. ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკა უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ დიპლომატიის საკითხები, მინსკის პროცესი და ვცდილობთ დარეგულირების კუთხით შესაძლებლობების ძიებას. რუსეთი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობს. ეს ეხება ყირიმს და დონბასს. მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტიტის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.