ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია.

როგორც ზელენსკიმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის უცნობია რა ფორმატში გაიმართება შეხვედრა, თუმცა აღნიშნავს, რომ ბაიდენმა მიწვევა მიიღო.

„არ ვიცი, რა ფორმატში შეიძლება ეს შეხვედრა გაიმართოს. აშშ-ის პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო. მჯერა, რომ ეს შეხვედრა შედგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო, ჯო ბაიდენი საერთაშორისო ვიზიტებს არ ახორციელებს, თუმცა როგორც კი შეძლებს, უკრაინას ეწვევა.

„როგორც კი დავბრუნდები, პრეზიდენტ ბაიდენს ამ მოწვევას გადავცემთ. გამოვნახავთ დროს უკრაინაში ჩამოსასვლელად“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.