NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა და ალიანსმა უნდა გააკონტროლოს სიტუაცია და ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს.
„რუსული ჯარების გარკვეული შემცირება ვიხილეთ, მაგრამ ათობით ათასი ჯარისკაცი რჩება და ასევე ვხედავთ, რომ რუსეთმა ადგილზე უამრავი შეიარაღება და ტექნიკა დატოვა და შავ ზღვაში შეზღუდვები დააწესა. შესაბამისად, ნატომ უნდა გააკონტროლოს სიტუაცია და ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს. საერთო ჯამში, რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა რჩება და ახლა ბევრად მეტი რუსული ჯარია უკრაინასა და მის გარშემო, ვიდრე ბოლო დროინდელ დაძაბულობამდე იყო“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
აღსანიშნავია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების კონტროლს განაგრძობს.