ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილისა და რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, იმის თქმა, რომ რუსეთმა უკრაინაში ვითარების დეესკალაცია დაიწყო, ჯერ ნაადრევია.
როგორც ვერშბოუმ ,,პირველი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის მხრიდან იარაღის ჟღარუნი უფრო მეტად პოლიტიკური გზავნილების გაკეთებას ისახავდა მიზნად, ვიდრე სამხედრო მოქმედებების დაწყებას.
მისივე თქმით, რუსეთის მიზანს უკრაინაზე ზეწოლა, ევროპელი მოკავშირეების შეშინება და ნატო-ში განხეთქილების გამოწვევა წარმოადგენდა.
,,დასკვნის გამოტანა ან ყურადღების მოდუნება ჯერ ნაადრევია. რუსები ყოველთვის სიმართლეს არ ამბობენ. უნდა დავრწმუნდეთ და ვნახოთ ადგილზე, რომ სამხედროები ნამდვილად გადიან და ვითარება განიმუხტა. მეტიც, ჩვენ არა მხოლოდ სახმელეთო ძალებს უნდა მივადევნოთ თვალყური, არამედ შავ ზღვასაც, სადაც რუსეთმა აზოვის ზღვაში შესვლაზე ბლოკადის მსგავსი შეზღუდვა დააწესა. ასევე, ზღუდავს ნაოსნობას თავად შავ ზღვაშიც. ამიტომ, ჩემი აზრით, იმის თქმა, რომ რუსეთმა ვითარების დეესკალაცია დაიწყო, ჯერ ნაადრევია. როგორც ჩანს, რუსეთის მხრიდან იარაღის ჟღარუნი უფრო მეტად პოლიტიკური გზავნილების გაკეთებას ისახავდა მიზნად, ვიდრე სამხედრო მოქმედებების დაწყებას. მთავარი ამოცანა იყო უკრაინის დაშინება და კიევზე ზეწოლა, რათა უკრაინა ე.წ. მინსკის შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში დათმობაზე წავიდეს, რასაც ზელენსკი ამ დრომდე არ აკეთებდა.
რუსეთის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა ევროპელი მოკავშირეების შეშინება და ნატო-ში განხეთქილების გამოწვევა. ამ ქმედებებით კრემლი ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ რუსეთს შეუძლია ინიციატივის ხელში აღება და ნებისმიერ დროს ვითარების სამხედრო ესკალაცია. ასეთივე გახლდათ ვლადიმერ პუტინის გზავნილი ფედერაციის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, როდესაც რუსეთის წითელი ხაზები ახსენა. როგორც ჩანს, მოსკოვი კვლავ ცდილობს, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ უკრაინასთან პარტნიორობა რთული საქმეა და დასავლეთმა უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ რუსეთს აქვს გავლენის სფეროები, კრემლი დომინირებს ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ სივრცეში. ეს საფრთხე კვლავ აქტიურია, მიუხედავად იმისა, რომ არსებული კრიზისი უკრაინაში შესაძლოა, განმუხტვისკენ მიდიოდეს. ჩვენ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და ვიფიქროთ სხვა გზებზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა, რათა სიტუაციის განმუხტვა გრძელვადიან პერიოდში მოხერხდეს. რაც მთავარია, დეესკალაციის დადასტურება შესაძლებელი უნდა იყოს, რადგან რაც რუსეთმა ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინაში გააკეთა, შესაძლოა, განმეორდეს თუნდაც ზაფხულში. სამხედრო აგრესიის საფრთხე არ მოხსნილა", - განაცხადა ვერშბოუმ.
მისივე თქმით, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების მსგავსი მსოფლიომ 2014 წელს უკრაინაშიც იხილა.
,,2008 წლის მსგავსი სიტუაცია ჩვენ უკრაინაში უკვე ვიხილეთ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა დაიკავა ყირიმი და წამოიწყო ომი უკრაინის აღმოსავლეთში, რასაც კრემლში სამოქალაქო ომად ასაღებენ, სინამდვილეში კი, ეს რუსეთის აგრესიაა. ასე რომ, დიახ, მოსალოდნელია, მსგავსი მოვლენები ისევ განმეორდეს უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ახლა რუსი სამხედროები დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებოდნენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან და ყირიმში ჩატანილი აღჭურვილობის დიდი ნაწილი ადგილზე რჩება. ასე რომ, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაზარდოს სამხედრო ზეწოლა. ზოგადად, რუსეთი შეეცდება, ისარგებლოს ნებისმიერი უთანხმოებით დასავლეთში. ასეთი დიდი განხეთქილება გვახსოვს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, როდესაც ნატო-ს მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ. ამასთან, რუსეთი მზად იყო, დაებლოკა ნებისმიერი ასეთი მცდელობა და ეს გააკეთა კიდეც ჯერ საქართველოს და შემდეგ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის კონსოლიდაციით. ახლა კრემლში მიაჩნიათ, რომ მუდმივად შეუძლიათ, დაბლოკონ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი. დასავლეთისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რუსეთს დაუმტკიცოს, რომ მოსკოვი ცდება, რომ კრემლს ამ პროცესში ვეტო არ აქვს. პარალელურად კი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია სამხედრო აგრესიის გაგრძელების შეკავებისთვის", - განაცხადა ვერშბოუმ.