„აშშ-მა და ევროპამ რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უფრო მეტი სურვილი გამოავლინეს მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა“, - მიიჩნევს ლუის ნავარო, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი.
ლუის ნავაროს განცხადებით, თუ ქართული პოლიტიკური კლასი ვერ შეძლებს, უფრო მეტი რეაგირება მოახდინოს მათი ამომრჩევლის ნებაზე და მიაღწიოს სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტას, საბოლოოდ დასავლეთის მთავრობებში შემცირდება ინტერესი, რომ მათ უფრო მეტი პოლიტიკური და მატერიალური დახმარება გასწიონ.
„საქართველოს დემოკრატიული გზა, ქვეყნის მთავარი აქტივია აშშ-ისა და ევროპისთვის, რაც უფრო შემცირდება დემოკრატია, მით უფრო დიდია გამოწვევა დასავლეთისკენ გზაზე“, - განაცხადა მან Europetime-თან საუბრისას.
კრიზისების დროს შექმნილი ვითარებით რუსეთის მიერ სარგებლობაზე, საერთაშორისო პარტნიორების რიგი განცხადებების შემდეგ, რუსეთის გავლენის ზრდასა და რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიანიშნა. გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა, საკუთარ შთაბეჭდილებებზე კი გუშინ, მისივე პოსტში გაამახვილა ყურადღება. ის მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან, ერთი იდენტური ფენომენით - რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება.
„სამივე ქვეყანაში ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკური არეალიდან აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა, რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ“, - გაბრიელიუს ლანდსბერგისის ეს სიტყვები სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის შემდეგ, მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.