ვიოლა ფონ კრამონი მელიას გირაოზე: კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, შეასრულა დანაპირები

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას twitter-ში გამოეხმაურა.

„მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამან გზა უნდა გაუხსნას ყველას საპარლამენტო მუშაობისკენ, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასარგებლოდ, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, განცხადება დღეს გაავრცელა.

„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტი ნიკა მელიას გათავისუფლებას, გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელია გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ის საბოლოოდ დათანხმდა.