ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

აბლი-ბაბლი

Bubble ინგლისურად ჰაერის ბუშტუკებს ნიშნავს, მდუღარე წყალში რომ ფათიფუთობს...

აბლი, ბაბლი, აბლი, ბაბლი... როდისმე დაფიქრებულხართ, რას ნიშნავს ბაბლი ქართულად? თურმე ნუ იტყვით და, ბაბლი ქართლ-კახურ დიალექტში იმ პაწია სამკუთხედ ჭრელა-ჭრულა ნაჭრებს ნიშნავს, რომლისგანაც საბანი იკერებოდა...

დღეს, ინფორმაციულ საზოგადოებაში, სულ უფრო ხშირად გაიგონებთ ტერმინს „ბაბლების საზოგადოება“. გინდაც კახურად ვთქვათ და გინდაც ინგლისურად, საზოგადოება ჭრელი საბანია, და ჩვენ მისი პაწია ნაკუწი, სხვა ნაკუწების გარეშე რომ არავის ვჭირდებით... საზოგადოება მოთუხთუხე ქვაბია და ჩვენ ჰაერის ბუშტუკი, ქვაბს რომ ვათუხთუხებთ საკუთარ „ღირებულებით ბუშტში“ გამომწყვდეული...

საბჭოთა ტოტალიტარიზმის შვილებს, გვენატრებოდა თავისუფალი სიტყვა და გვაწუხებდა ცენზურაგამოვლილი ინფორმაციის სიმწირე. საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნგრევა ციფრული რევოლუციის ხანას დაემთხვა, და უწინ სანატრელი ინფორმაცია ისე გამრავლდა, ისე აჭრელდა, ნიაღვარივით წაგვლეკა და გული გაგვიხეთქა. რომელი ვიყავით ამისთვის მზად? - ალბათ არც ერთი. ჩვენივე ნებით, ბაბლები ავაგეთ და მასში ჩავსკუპდით.

კომფორტულია ბაბლში ჯდომა - შემოიკრიბავ თანამოაზრეებს და ისიამოვნებ მარტივი სოციალიზაციით; ბაბლი მტკიცე ფარია - ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის ბაბლის წესია სხვა ბაბლებისგან თავდასაცავად... ბაბლი „სამხედრო ერთეულია“ - საერთო იდეა, მტკიცე წესები და უპირობო ერთგულება... ტოტალიტარიზმი დაქუცმაცდა და ბაბლების მინი-ტოტალიტარიზმის შენებას ყველანი ხალისით შევუდექით.

გონებაში აშენებული ბარიერები რეალურ ცხოვრებაშიც გადმოცოცდა ნელი-ნელ და უხილავი კედლებით დაგვყო ადამიანები. რამდენ დღეს გაძლებთ სმარტფონის სქროლვის გარეშე? სოც-მედიის მეგობრებთან, რომელთაც არც კი იცნობთ, რამდენი გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად, ვიდრე რეალურ ადამიანებთან, ვისთანაც ბევრი აღარაფერი გაკავშირებთ?

ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა უეინ ქოინმა, არც მეტი, არც ნაკლები, ქორწილის თემატიკად ბაბლი შეარჩია - ცერემონიის დროს ნეფე-პატარძალი ელვა-შესაკრავიან გასაბერ ბუშტში ჩასკუპდა ტორტის მოსართავი თოჯინებივით. პანდემიის პირობებში მისი იდეა კრეატიულის გარდა სასარგებლო და მომგებიანიც აღმოჩნდა. კონცერტების აკრძალვის შემდგომ, ქოინის ჯგუფმა (The Flaming Lips) კონცერტი უსაფრთხოდ ჩაატარა - მუსიკოსები, მოცეკვავეები და მაყურებლები გასაბერ ბუშტებში ჩასვა. შოუ ნამდვილად ეფექტური აღმოჩნდა და ჩემთვის საკრალურიც - უხილავი ბაბლების გამაოგნებელი ფერადი ვიზუალიზაცია...

ბაბლებს არ უყვართ დიალოგი და სტუმარ-მასპინძლობა, აქ არ არსებობს ზავი და კონსენსუსი - მხოლოდ ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

„ბაბლების დიალოგი“ - კარგად ჟღერს არა? „სტუმრად სხვის ბაბლში“ - ეს როგორ მოგწონთ? გარეთ პანდემია მძვინვარებს და სახლის ოთხ კედელში, გაჯეტების ცისფერ ეკრანთან გამაგრებულებს სხვა რა დაგვრჩენია - ვისიამოვნოთ მივლა-მოსვლით თუ სქრინვა-სქროლვით. ყოველ კვირა დღეს მე ჩემსას ვიტყვი, თქვენ „დასინავთ“... ფინჯანი ყავის და ნატეხი შაქრის ნაცვლად ნატეხ იდეებს შემოგთავაზებთ რომელიც ტკბილიც კი არ მოგეჩვენებათ. ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით და ვერც ერთმანეთს შევიყვარებთ, მაგრამ ტოლერანტობა ურთიერთსიყვარულს არ ნიშნავს, ის მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარია იმ საზოგადოებაში, სადაც ბუნების ძალამ ერთად ცხოვრება დაგვიკანონა. მე მაქვს უფლება დავრჩე ჩემს ბაბლში და ვირტუალურად გაგაცნოთ ჩემი ვირტუალური ოდაბადე. ასეთია ჩემი „ბაბლური კონსტიტუცია“.

***

დღეს ჩემს ბაბლში ევროპის დღეა, იმ ევროპის, რომელმაც თავის თავში დაამარცხა ნაციზმი, ფაშიზმი და ისტორიული მტრების მშვიდობიანი თანაარსებობა რეალობად აქცია, იმ ევროპის, რომლისკენაც მივიწევთ, რათა ჩვენც გავხდეთ მშვიდობის ნაწილი და ჩვენც ვისწავლოთ, როგორ დავამარცხოთ საკუთარ თავში საბჭოთა ტოტალიტარიზმი.

ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს მთელი ცივილიზებული სამყარო, იმიტომ რომ ომი 8 მაისს დასრულდა. ძველ ქართულ ფილმებში ალაგ-ალაგ შემორჩენილია როგორ გვამცნობს რადიოს ხმა ომის 8 მაისს დასრულებას. ომის შედეგები მძიმე იყო, იმდენად მძიმე, რომ მისი ზარზეიმით აღნიშვნა არ მომხდარა. 9 მაისის ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული წლების შემდეგ დამკვიდრდა, როგორც ცივი ომის პროპაგანდის დიდი ნაბიჯი - საერთაშორისო პარტნიორების შეცვლის კვალდაკვალ შეიცვალა თარიღი, ტერმინი და ომის რიტორიკა.

ნაციზმთან და ფაშიზმთან ბრძოლა დიდი ტრაგედიაა საქართველოს ისტორიაში. ქართულმა საზოგადოებამ პროცენტულად იმაზე მეტი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე სხვა დიდმა სახელმწიფოებმა. ეს ამბავი დასაწერი და მოსაყოლია, ეს ამბავი უნდა მოვუყვეთ იმ ევროპულ საზოგადოებას, რომლის წევრობასაც ვაპირებთ. ქართველთა ნაწილი მეორე მხარეს იბრძოდა, ქართული ლეგიონებით და დამოუკიდებელი საქართველოს ატრიბუტიკით. ეს ამბავიც მოსაყოლი და დასაწერია, ეს ამბავი უნდა მოვუყვეთ ქართულ საზოგადოებას. ხვიჩას და გოჩას დიდი ტრაგედია დამოუკიდებლობის არ ქონის ფასია.

***

ალბათ მკითხავთ, როგორ შედგება „ბაბლური დიალოგი“, თუ ვერ ვთანხმდებით იდეებზე, თარიღებზე, შავსა და თეთრზე... ვცადოთ ვიპოვოთ „ტკბილი ნატეხი“, რომელიც გაგვაერთიანებს და არ დაგვაპირისპირებს მიუხედავად ჩვენი „ბაბლური იდეოლოგიებისა“. დღეისთვის ამ „ნატეხად“ ფილმი შევარჩიე - რეზო და ლევან გაბრიაძეების დოკუმენტური ანიმაციური ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ - ფრონტის ზურგში ცხოვრების ნამდვილი, შეულამაზებელი სევდიანი ქართული ამბავი გაბრიაძისეული ტკბილი იუმორით. ფილმი, რომელმაც მრავალი პრიზი მიიღო, „ოსკარის“ სიაში მოხვდა და „ნეთფლიქსზე“ აღმოჩნდა. ერთად ვუყუროთ და ვიამაყოთ თანამედროვე ქართული კულტურით.