ნიკა მელია: ძალთა გაერთიანების გარეშე წარუმატებლობა გარანტირებულია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც საპატიმრო გუშინ დატოვა, პარტიის ოფისში მივიდა.

ნიკა მელიას თქმით, პარტიის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით აუცილებელია კონსულტაციები, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეც გაგრძელდეს.

"პირველ რიგში გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული პარტია აგრძელებს კონკრეტული გეგმით მოქმედებას თუ ცვლის, ანუ საპარლამენტო ცხოვრებას იწყებს პარალელურად სხვა საქმიანობისა თუ არ იწყებს. ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანია, როგორც ყველა ადამიანის, მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ძალიან მჭიდრო კორდინაციისა და ძალთა გაერთიანების გარეშე წარუმატებლობა არის გარანტირებული, თბილისის მერობის საერთო კანდიდატის გარშემო კი არ უნდა იყოს ერთობა. ყველა წამყვანი პოზიციის დასახელება უნდა მოხდეს საზოგადოების წინაშე და მათ გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება, ოპოზიცია კოალიციურად უნდა წარსდგეს თბილისში. კანდიდატებს შორის არასოდეს არ ყოფილა თანხმობა 2020 წელს გვქონდა შანსი ერთობის და ესეც ვერ განხორციელდა, ამას ხაზს ვუსვამ, სიმართლე ეს არის," - აღნიშნა ნიკა მელიამ.