ამერიკელ დიპლომატებზე სავარაუდო აკუსტიკური თავდასხმების უკან აშშ რუსეთის სამხედრო დაზვერვის კვალს ხედავს - მედია

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ აშშ-ის მთავრობის პერსონალზე თავდასხმების უკან, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევდა, სავარაუდოდ, რუსული სადაზვერვო სამსახურის (GRU)-ს წარმომადგენლები არიან.

როგორც უცხოური მედია იტყობინება, ჯერჯერობით ამ ეჭვის ზუსტი დასაბუთება არ მოიპოვება, თუმცა სავარაუდო თავდასხმების თაობაზე ძიება გააქტიურდა, აშშ-ის ფედერალურმა სპეცსამსახურებმა ჯერ ვერ დაადგინეს ამერიკელთა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები.

Politico წერს, რომ „გრუ“ რუსეთის ერთადერთი სპეცსამსახურია, რომელსაც მოეპოვება ტექნოლოგია აკუსტიკური თავდასხმისთვის. აშშ-ის სპეცსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გამოცემას უთხრა, რომ ამგვარი ტექნოლოგიები შეიძლება, ჰქონდეთ ისრაელსა და ჩინეთს, მაგრამ ისინი არ მუშაობენ ყველგან, სადაც ინციდენტები დაფიქსირდა.

წყაროების თანახმად, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, უცხოეთში თავდასხმები კავშირშია თუ არა აშშ-ის ტერიტორიაზე მომხდარ მსგავს შემთხვევებთან.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ბოლოდან მოყოლებული, ჰავანაში აშშ-ის დიპლომატები იტყობინებოდნენ მაღალი სიხშირის უცნაურ ბგერებზე, რის შემდეგაც მათ აღენიშნებოდათ თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, დაქანცულობა, თავბრუს ხვევა და კოორდინაციისა და სმენის დაკარგვა.

2017 წლის სექტემბერში აშშ-მა კუბის დედაქალაქიდან გაიხმო თავისი დიპლომატიური კორპუსის უდიდესი ნაწილი. აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის ხელისუფლებას დასდო თავდასხმებში ბრალი და ვაშინგტონიდან გააძევა კუბის 15 დიპლომატი. ჰავანა თავდასხმებთან რაიმე კავშირს უარყოფს .

Politico ჯერ კიდევ აპრილში იტყობინებოდა, რომ პენტაგონი აშშ-ის ჯარებზე რუსეთის მხრიდან საეჭვო შეტევას იძიებდა.

როგორც გამოცემა წერდა, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურებიის წინააღმდეგ საიდუმლო იარაღის გამოყენების შესახებ კონგრესის კომიტეტს შეატყობინა.