„შეთანხმების განხორციელება უკიდურესად მნიშვნელოვანია. უახლოეს პერიოდში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი. პარალელურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. საჭიროა, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმა წინ წავიდეს”, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით და ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით გამართულ ონლაინ-დისკუსიაზე “როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!”
მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს შარლ მიშელის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის პროცესს.
„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია მისი პოტენციალის გამოც, საფუძველი ჩაუყაროს ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს. შეთანხმება შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეიძლება გრძელვადიანი გავლენა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაში”, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა
კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით შემოთავაზებული წინადადებები. დემოკრატია ვერ შედგება კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. ნათელია, რომ შეთანხმება წარმოადგენს კარგ საფუძველს, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად”, - განაცხადა დანიელსონმა.
„19 აპრილის შეთანხმება უდავოდ მნიშვნელოვანია. მან შექმნა რეალური შესძლებლობა საქართველოში კრიზისის დასრულებისთვის“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.
მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული დახმარების სახით. მან ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უკვე გამოყოფილ დახმარებასაც გაუსვა ხაზი.
„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე და ეს ასეც უნდა იყოს ახლო პარტნიორებს შორის”, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.