კრისტიან დანიელსონი: შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა

„შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, პარალელურად, უნდა მოხდეს მუშაობა საარჩევნო კანონზე, ასევე უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით და ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით გამართულ ონლაინ-დისკუსიაზე “როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!”

მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს შარლ მიშელის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის პროცესს.

„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია მისი პოტენციალის გამოც, საფუძველი ჩაუყაროს ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს. შეთანხმება შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეიძლება გრძელვადიანი გავლენა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაში”, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით შემოთავაზებული წინადადებები. დემოკრატია ვერ შედგება კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. ნათელია, რომ შეთანხმება წარმოადგენს კარგ საფუძველს, მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად”, - განაცხადა დანიელსონმა.