ზალკალიანი: ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოს მოქალაქე მსუბუქად დაშავდა

„საქართველოს საელჩო 24 საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება ,მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ისრაელში შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის სურვილია რეგიონში სიტუაციის განმუხტვა, რათა მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოს მოქალაქე მსუბუქად დაშავდა.

„მან მიიღო ძალიან მცირე დაზიანება, მაგრამ მინდა დავამშვიდო ყველა, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, საელჩო არის მასთან კომუნიკაციაში, არანაირი გართულება არ არის და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ის უკვე გამოწერილია საავადმყოფოდან და უსაფრთხოდ გრძნობს თავს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა

„ძალიან გვაღელვებს ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პირველ რიგში გვაღელვებს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რომლებიც ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან“, - აღნიშნა მინისტრმა.

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.