პარტია „ლელო“ პარლამენტში ფრაქციას ქმნის , რომელსაც სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე უერთდებიან
სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" უკვე დატოვა. შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი კი "ევროპული საქართველოს" სიით შევიდნენ პარლამენტში, თუმცა სამივე მათგანმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო პარტია დატოვა. "ლელომ" 2020 წლის არჩევნებზე 4 მანდატი მოიპოვა.
"ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში; ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე; ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭერილი იმ პერსპექტივით, რომ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენთაგანი იქნება იმის გარანტორი, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის, რომლის ცხოვრებაც ასე გაუარესდა ბოლო 9 წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, ხმა ვიყოთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა "ლელოს საქართველოსთვის" პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების და დეპუტატების დიდი ნაწილი, პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა.