ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ მოხსენებაში დემოკრატიის უკუსვლის შემაშფოთებელ ხარისხზე მიუთითა. მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ჩვენი დემოკრატიის კულტურა სრულად ვერ აღდგება. "წევრი ქვეყნები ახლა არჩევანის წინაშე დგანან. მათ შეუძლიათ, დაუშვან დემოკრატიის უკუსვლა, ხელი შეუწყონ მას, ან ერთობლივად იმოქმედონ ვითარების მკვეთრად შეცვლაზე, განამტკიცონ და განაახლონ ევროპული დემოკრატია და შექმნან გარემო, რომელშიც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცულია“, - ნათქვამია ანგარიშში.
ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნებზე დაყრდნობით, გენერალური მდივნის მოხსენება აფასებს ბოლოდროინდელ მოვლენებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკური ინსტიტუტები და სასამართლო დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება, ანტიდისკრიმინაცია და დემოკრატიული ჩართულობა.
„ეროვნული მთავრობები უნდა დაუბრუნდნენ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, ევროსაბჭოს სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ჩათვლით.
წევრმა სახელმწიფოებმა სრულად უნდა გამოიყენონ მულტილატერალიზმი, რომელიც 70 წელზე მეტია, ევროპის საბჭოს აქვს ჩამოყალიბებული.
ეროვნულმა მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ დემოკრატიის კულტურა, გააცნობიერონ, სად შეასუსტა ეს კულტურა მათმა სიტყვებმა, საქმიანობამ ან კანონმდებლობამ სამოქალაქო სივრცის შემცირებით, ინდივიდების, ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების ან მათთვის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების, ან საზოგადოებრივ საქმიანობაში ხალხის სრულფასოვანი მონაწილეობის აკრძალვით“, - აღნიშნულია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშში.
ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია. ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას ხელი მოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა 1999 წლის 27 აპრილს გახდა.