საბერძნეთში ლოქდაუნი სრულდება: „ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას მთელი მსოფლიოსთვის ვხსნით“ - საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი

საბერძნეთში ლოქდაუნი სრულდება. ქვეყანა მზად არის უცხოელი ტურისტების მისაღებად და საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველდრიურად ინფიცირების 2000 შემთხვევა ფიქსირდება, ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ მთავრობამ არსებული შეზღუდვების უმრავლესობა გააუქმა.

„ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას მთელი მსოფლიოსთვის ვხსნით“, - განაცხადა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ჰარის თეოჰარისმა.

აღსანიშნავია ის, რომ საბერძნეთში ჯერ კიდევ რჩება ძალაში რამდენიმე შეზღუდვა, თუმცა, მოსახლეობას აღარ მოუწევს საცხოვრებლის დატოვების დროს გაგზავნოს სპეციალური შეტყობინება "ცხელ ხაზზე", რომ ისინი სახლიდან გასვლას და მაგალითად საყიდლებზე წასვლას აპირებენ.

ასევე ნებადართულია რეგიონებს შორის გადაადგილება.

"კომენდანტის საათი" კი ღამის 00:30 საათიდან დილის 5:00 საათამდე შემცირდა.

ტურისტებმა გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაცია, სადაც მიუთითებენ, თუ სად აპირებენ დარჩენას და წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა, რომელშიც ეწერება, რომ კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა და გამოჯანმრთელდა.