„ისრაელი საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ ისწრაფვის და ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს“. „ისრაელსა და საქართველოს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდათ და ამას ამტკიცებს ის აშკარა უზარმაზარი მხარდაჭერაც, რომელსაც დღევანდელი კონფლიქტის დაწყებიდან ვგრძნობთ ქართული საზოგადოებისგან“.
ამ საკითხებზე Europetime-თან ინტერვიუში საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რან გიდორი საუბრობს. დიპლომატმა ასევე უპასუხა Europetime-ის შეკითხვებს საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მხარდაჭერაზე.
მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გამოყენება, რომ ხელი შევუწყოთ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს“. ელჩის განცხადებით, პანდემიის დასაწყისიდან ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა დიდი დახმარება გაუწიეს ყველა შესაბამის ორგანოს, რომელიც საქართველოში COVID19-ის გავრცელებას ებრძვის“.
_გაერო ახლო აღმოსავლეთში „სრულმასშტაბიანი ომის“ საშიშროებაზე მიუთითებს. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან „ჰამასზე“ ზეწოლის აუცილებლობაზე მიუთითეთ, კონკრეტულად რაში უნდა გამოიხატოს ეს აქტიურობა?
„ჰამასმა“ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში „ნულოვანი ტოლერანტობა“ არსებობს ტერორიზმის, მშვიდობიანი მოსახლეობის ხელაღებით დაბომბვისა და ძალადობის მიმართ. უფრო მეტიც, ზოგიერთი მოძალადე ქვეყნის (მაგალითად, ირანი), რომელიც განაგრძობს „ჰამასის“ მხარდაჭერას (რომელიც აშშ - ში, ევროკავშირში, კანადაში, ავსტრალიაში ოფიციალურად მოიხსენიება როგორც „ტერორისტული ორგანიზაცია“), ამ არჩევანს მათთვის მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს.
_საერთაშორისო ლიდერები დეესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და შესაბამისი მოწოდებებით გამოდიან, როგორ ხედავთ გზებს და ნაბიჯებს დეესკალაციისკენ?
ბუნებრივია, ისრაელი საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ ისწრაფვის. ორივე მხარეს, მშვიდობიან მოსახლეობას მშვიდობა სურს. ამასთან, ისრაელის მთავრობა ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს. ეს კონფლიქტი ისრაელს არ დაუწყია. პირიქით, გაკვირვებულია მის ტერიტორიაზე რაკეტების მოულოდნელი და არაპროვოცირებული გაშვებით. ამიტომ, უნდა ვეცადოთ და დავრწმუნდეთ, რომ „ჰამასს“ აღარასდროს ექნება ასეთი კატასტროფული თავდასხმების ცდუნება. სხვაგვარად, ძალადობის დაუსრულებელი ციკლის შემთხვევაში, განწირულები ვართ.
_რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, თანამშრომლობის სფეროები მოიცავს რეგულარულ ორმხრივ და მრავალმხრივ პოლიტიკურ დიალოგს, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას, შექმნილია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები, როგორ შეაფასებთ ამ ურთიერთობებს და რას მიიჩნევთ მთავარ პრიორიტეტად საქართველოსთან ამ ურთიერთობებში?
ისრაელსა და საქართველოს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდათ და ამას ამტკიცებს ის აშკარა უზარმაზარი მხარდაჭერაც, რომელსაც დღევანდელი კონფლიქტის დაწყებიდან ვგრძნობთ ქართული საზოგადოებისგან. ამასთან, ჩემი აზრით, ძირითადი ყურადღება ეთმობა ჩვენს ბრწყინვალე 26 საუკუნოვან წარსულ, თანაარსებობის ისტორიას და კარგი იქნება, უფრო მეტი ძალისხმევა იქნას მიმართული, რომ ახალი ბიძგი მიეცეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. დიალოგები, მეგობრობის ჯგუფები და ორმხრივი ვიზიტები თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ პრაქტიკულ შედეგებამდე მიყვანა სჭირდებათ. ამჟამად, საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა (42 მილიონი აშშ დოლარი 2019 წელს) შემცირებულია და ინვესტიციების დონე საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ისრაელის გამოცდილების გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მაღალტექნოლოგიურ ეკოსისტემას, ჩამოვაყალიბოთ შეთანხმებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ინვესტიციებს, სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო და სამრეწველო ერთობლივი საწარმოების შექმნას.
გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო.
_ისრაელი ვაქცინაციის კუთხით წამყვანი ქვეყანაა, გამოცდილების გაზიარების კუთხით ხომ არ იგეგმება დამატებით რაიმე პროგრამის/პროექტის განხორციელება. ვიცით, რომ ისრაელის საელჩომ და საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (MASHAV) დიდი ძალისხმევა გასწიეს, რათა დაეხმარონ საქართველოს COVID19-თან ბრძოლის პროცესში.
პანდემიის დასაწყისიდან ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა დიდი დახმარება გაუწიეს ყველა შესაბამის ორგანოს, რომელიც საქართველოში COVID19-ის გავრცელებას ებრძვის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ NCDC (დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს), საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და WHO (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) საქართველოს ოფისს. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ საზოგადოების ჯანდაცვის წამყვანი ქართველი ექსპერტები, რათ მონაწილეობა მიეღოთ MASHAV– ის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმში, რაც ყოველკვირეულად, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. დამატებით, MASHAV– მა (რომელიც საქართველოში 1992 წლიდან საქმიანობს) ამ დროისთვის, 1500 - ზე მეტი ქართველის პროფესიულად გადამზადება უზრუნველყო, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ინოვაციების, მეწარმეობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროების მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში.