აშშ-ისა და ჩეხეთის „არამეგობრულ სახელმწიფოთა“ სიაში შეყვანის შესახებ, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აკრიტიკებს და „ესკალაციისკენ გადადგმულ მორიგი ნაბიჯს“ უწოდებს.
როგორც შარლ მიშელი twitter-ზე წერს, რუსეთის ასეთი გადაწყვეტილება დიპლომატიურ ურთიერთობებს ძირს უთხრის.
ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების სია დაამტკიცა. ინფორმაციას usnews ავრცელებს.
24 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.
დოკუმენტის მიხედვით, ჩეხეთს ახლა ნება ეძლევა, თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში 19 ადამიანი აიყვანოს, აშშ-ს - არცერთი. ეს შეზღუდვა არ ეხება აკრედიტებულ დიპლომატებს.
შეგახსნებეთ, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა,ჩეხეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად თითო რუსი დიპლომატი გააძეონ. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ჩეხეთში იარაღის საწყობის აფეთქებასთან დაკავშირებული დიპლომატიური სკანდალი. ჩეხეთის პროკურატურის ცნობით, აფეთქებაში ბრალი რუსეთის სპეცსამსახურებს ედებათ. აფეთქება 2014 წელს მოხდა. ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება დასაბუთებულია „არაორაზროვანი მტკიცებულებით“, რომელიც წარმოადგინეს ჩეხმა გამომძიებლებმა.19 აპრილს 18 რუსი დიპლომატი, რომლებიც ჩეხეთმა მიიჩნია რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებად, ქვეყნიდან გააძევეს. კრემლმა საპასუხოდ მოსკოვის დატოვება მოსთხოვა 20 ჩეხ დიპლომატს.