მოსკოვში, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღსრულების გადაწყვეტილება სასამართლოს 10 ვერდიქტის თაობაზე აღიძრა, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდის ორთვიანი ვადა ამოიწურა. ჯარიმების საერთო თანხა 5 მილიონ რუბლს შეადგენს.
მედიაკორპორაციამ არაერთგზის აღნიშნა, რომ არ მიიჩნევს თავს რომელიმე უცხო ქვეყნის „აგენტად“, ვინაიდან მისი სარედაქციო პოლიტიკა სრულიად დამოუკიდებელია და, ამასთანავე, სრულად იცავს რუსეთის კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას.
წლის დამდეგიდან რუსეთის მედიის სამეთვალყურეო უწყებამ, „როსკომნადზორმა“ სასამართლოს გაუგზავნა 520-მდე ოქმი რთე/რთ-ის მიერ „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე. რთე/რთ უარს ამბობს თავისი მასალის აღნიშვნაზე „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით. რთე/რთ-მ გაასაჩივრა „როსკომნადზორის“ ოქმები, მაგრამ რუსეთის სასამართლოებმა ჯერჯერობით 250-ზე მეტი საჩივარი უკუაგდეს. საერთო ჯამში, მაუწყებლის მიმართ დღემდე გამოწერილი ჯარიმები 70 მილიონ რუბლს (950 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
მედიაკორპორაციამ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს სთხოვა, რუსეთს ხელი შეუშალოს ამ ჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულებაში. მათი თქმით, ჯარიმების მიზანი დამოუკიდებელი მედიის ჩაჩუმებაა.
რუსეთში 2017 წლის შემოდგომაზე მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთში მომუშავე უცხო ქვეყნის მედიას უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი ენიჭებოდა.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც Russia Today-ს აშშ-ში მოსთხოვეს უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირებულიყო. რუსეთის ხელისუფლებამ მსგავსი მოთხოვნა არხზე ზეწოლად მიიჩნია.
რუსეთის კანონის ქვეშ ხვდება როგორც საზღვარგარეთ რეგისტრირებული მედია, ისე რუსეთში რეგისტრირებული, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. დეკემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა: ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, ტელეარხი Настоящее время და რადიო თავისუფლების რამდენიმე ბიურო.
მედიაზე ისეთივე შეზღუდვები ვრცელდება, როგორც უცხო ქვეყნის აგენტ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. პუბლიკაციებში მათ უნდა მიუთითონ, რომ უცხო ქვეყნის აგენტები არიან. კვარტალურად კი დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ.
აქამდე უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსის დარღვევისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ დაუჯარიმებიათ.