"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე შექმნილ „საგანგაშო“ ვითარებას და მოუწოდებს ორივე მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დაძაბულობის განმუხტვისკენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა .
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ბორელის დავალებით ევროკავშირის საგარეო უწყების გენერალურმა მდივანმა, სტეფანო სანინომ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკება გამართა.
სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, 12 მაისს დაახლოებით 250-მა აზერბაიჯანელი სამხედრო სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა და 3,5 კილომეტრით შეიჭრა სიუნიქის რაიონის სიღრმეში, სევ ლიჩის (სევის ტბის) მახლობლად.
სომხეთის ხელისუფლებამ 14 მაისს ოფიციალურად მიმართა რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), რომ დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან შექმნილი სასაზღვრო დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც ორ ქვეყანას შორის პირველი სერიოზული დაპირისპირებაა შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი მასშტაბური ბრძოლების შემდეგ.
ერევანმა სასაზღვრო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით აზერბაიჯანელ სამხედროებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა მთავრობის ვიცე-პრემიერი და პარალელურად აამოქმედა დიპლომატიური კავშირები.