თეიმურაზ შარაშენიძე: საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უკრაინაში იქნება მძლავრი იმპულსი ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებში

უკრაინაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინიტრის ვიზიტი უკრაინაში ახალი და მძლავრი იმპულსი იქნება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში.

მისი თქმით, შეხვედრებისას არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

,,საკითხები ეხება დეოკუპაციას, ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციას და განსაკუთრებით რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება მნიშვნელოვანი და ამ კუთხით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ასევე, განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ ის, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბული სიტუაცია ჯერ არ არის ბოლომდე დამთავრებული და ბატონი დავით ზალკალიანის ვიზიტი ერთგვარი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი აქტი იქნება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ეს პირველი ვიზიტია ოფიციალური საგარეო საქმეთა მინისტრის. ეს ვიზიტი იქნება უფრო ახალი და მძლავრი იმპულსი ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებში“, – განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება კიევში, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.