ზუგდიდის ყოფილი მერის გიორგი შენგელია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს. მისივე თქმით, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და არავისგან ზეწოლა არ მომხდარა.
„ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანური ურთიერთობები, ეს იქნებოდა პოლიტიკაში, პირად ცხოვრებაში, სამეგობროში. ასე რომ, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან. ამ ეტაპზე არ განვიხილავ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. არანაირი ზეწოლა ჩემზე არ მომხდარა. ესა ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით მივიღე.
როცა მე მოვედი პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო გიორგი გახარია, შემდგომში პრემიერ-მინისტრი, რომლის პერიოდშიც მომიწია მუშაობა. მისი და მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენა, ან გიორგი გახარიას მოსალოდნელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის ჩემთვის ადამიანურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი პოლიტიკიდან და სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა აქტიურობა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდის ყოფილი მერი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მომავალში არავისთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
„გამორიცხული არასოდეს არაფერია. ვიქნები იქ, სადაც დასჭირდება ჩემი ყოფნა ზუგდიდს და ქართველ ხალხს. არ გამოვრიცხავ არავისთან თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი გადაწყვეტილება არის პოლიტიკიდან წასვლა. სამი წლის წინ საჭიროება როგორც იყო, შევერთებოდი „ქართული ოცნების“ გუნდს, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ჩავდგე ქართველი ხალხის სამსახურში“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდის მერმა თანამდებობა დღეს დატოვა.