დავით ზალკალიანი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ქ.კიევში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უახლოეს მომავალში ახალ დონეს უნდა მივაღწიოთ. ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზნები და გამოწვევები!", - წერს Twitter-ში დავით ზალკალიანი.

საგარო უწყების ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობის და იმ საერთო მისწრაფებების გამო, რაც უკავშირდება ორი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ მხრივ კმაყოფილება გამოითქვა სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, მიერ კიევში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის გამო, რომელიც მხარეთა მოსაზრებით ხელს შეუწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის მეტ ეკონომიკურ და სექტორალურ დაახლოებას ევროკავშირთან და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას. მხარეები ასევე მიესალმნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ორი ქვეყნის კოორდინირებულ თანამშრომლობას, მათ შორის ალიანსის მოახლოებული სამიტის კონტექსტში.

"მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო გამოწვევას, რაც უკავშირდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნის ოკუპაციის და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის აქტიურ თანამშრომლობაზე, შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობაზე, ისევე როგორც მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოხატა მზაობა ეწვიოს საქართველოს და კიევში უმასპინძლოს საქართველოს პრეზიდენტს.", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.