დღეს პარლამენტის თავმჯდომარე NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. კახა კუჭავა დღეს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, საუბარი შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების თემებს და NATO-ს დაგეგმილ სამიტს.

„ნატოში შეხვედრაც მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში უფრო და უფრო რთულდება. შესაბამისად, ჩვენი ინტეგრაცია ნატოში, ისევე როგორც ევროკავშირში, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. გვექნება საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოების თემებსა და NATO-ს დაგეგმილ სამიტზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება და იმ მოლოდინებზე, რაც ჩვენს ქვეყანას ნატოს სამიტისგან გვაქვს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია. პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.