CEPS-ის მკვლევარი თინათინ ახვლედიანი: ასოცირებულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სისტემურ ხასიათს მიიღებს

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS), რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებულ კვლევებს პერიოდულად ატარებს, ამჟამად, ევროკავშირი-საქართველოს DCFTA - ს შემდგომ შეფასებაზე მუშაობს. ეს იქნება DCFTA – ს პირველი ფაქტობრივი ანალიზი/შეფასება, ევროკომისიის და DG Trade - ის დაკვეთით. კვლევის შედეგები გაგვაცნობს, თუ რა გავლენა აქვს DCFTA – ს საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და მდგრად განვითარებაზე, აგრეთვე ევროკავშირის სავაჭრო და სამეზობლო პოლიტიკაზე. საბოლოო ანგარიში ერთ წელიწადში გამოქვეყნდება.

მანამდე კი, Europetime-ის შეკითხვებს ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) მკვლევარმა, თინათინ ახვლედიანმა უპასუხა იმის თაობაზე, თუ რა პოზიციაზეა საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების და ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით და არსებული კრიზის გადაჭრა ხომ არ უხსნის ახალ შესაძლებლობებს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. მასთან საუბარი „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ შეკითხვით დავიწყეთ.

_რას ნიშნავს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნება როგორც ამ სამი ქვეყნისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. რა განაცხადია ეს ქვეყნებისგან, რომელთა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

მემორანდუმი, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყნებმა ორი დღის წინ მოაწერეს ხელი, ხაზს უსვამს საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მზაობას ევროკავშირთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. აღსანიშნავია, რომ ეს ამ ქვეყნების უკვე მეორე მცდელობაა, საფუძველი ჩაუყარონ ევროკავშირთან დაახლოების ე.წ. „ტრიოს“ ფორმატს.

პირველად, „ტრიოს“ ფორმატში ევროკავშირთან ოფიციალური დიალოგის შესახებ განაცხადი ამ სამმა ქვეყანამ 2019 წლის დეკემბერში გააკეთა. თუმცაღა, ამ განაცხადს ევროკავშირისგან ფორმალური გამოხმაურება არ მოჰყოლია, რადგან ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დიფერენციაციას თავს არიდებს.

როგორც იცით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკით ევროკავშირი გამოხატავს თავის სტრატეგიულ პარტნიორობას ექვს ქვეყანასთან, ეს ასოცირებული ქვეყნების გარდა მოიცავს ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც საკმაოდ განსხვავდებიან თავიანთი ევროინტეგრაციის ხარისხითა და ევროკავშირთან დაახლოების ამბიციით.

მიუხედავად იმისა, რომ ასოცირებული ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, ევროინტეგრაციის ყველაზე სწრაფი ტემპით გამოირჩევიან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი კვლავ რჩება თანამშრომლობის საერთო ფორმატად. ამ მხრივ, ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანია და იმედისმომცემია, რომ ასოცირებულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სისტემურ ხასიათს მიიღებს. ევროკავშირის გამოხმაურება და ჩართულობა ტრიოს ფორმატში კი იმის ორიენტირი იქნება, რამდენად მზადაა ევროკავშირი, ხელი შეუწყოს მასთან ასოცირებული ქვეყნების ევროინტეგრაციის დაჩქარებას.

_CEPS-ის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, როგორ შეაფასებთ საქართველოს პოზიციებს ევროკავშირთან ურთიერთობების და ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით?

ნება მომეცით, დავიწყო ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშზე საუბრით, რომელიც მე და მაიკლ ემერსონმა გასულ წელს მოვამზადეთ ევროპარლამენტისთვის. როგორც ამ კვლევაშია აღნიშნული, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.

ამასთან, არის სფეროები, რომლებშიც ქვეყანამ თავის ვალდებულებები გადაჭარბებით შეასრულა და თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის უახლეს კანონებთან შესაბამისობაში მოიყვანა (მაგალითად, ციფრულ და კიბერ სფეროებში).

ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შედარების შესახებ ჩვენი ბოლოდროინდელი კვლევა ასევე აჩვენებს, რომ სამი ასოცირებული ქვეყნიდან, საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციებს იკავებს DCFTA– ს განხორციელების მხრივ.

რაც შეეხება პოლიტიკურ და სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყნის მაჩვენებლები დაახლოებით იგივეა, რაც უკრაინისა და მოლდოვის, რაც ძირითადად გამოწვეულია ანტიკორუფციული რეფორმების აქტიური განხორციელებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

დღემდე, საქართველო კვლავ რჩება შედარებით არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მიუთითებს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე და ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანამ კორუფციის აღმოსაფხვრელად ძალისხმევა უნდა გააძლიეროს.

უფრო მეტიც, გაჩნდა პოლიტიკური რეპუტაციის გაუარესების ნიშნები 2018 და 2020 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების, დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ნაკლებობის და არაფორმალური მმართველობის გამო.

_რა გავლენა იქონია არსებულმა კრიზისმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ახლა ხომ არ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა რეფორმების განხორციელებას, რაც საბოლოოდ წევრობის პერსპექტივაზე აისახებოდა?

დღევანდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა, უდავოდ გავლენა მოახდინა საქართველოს პოლიტიკურ რეპუტაციაზე და უფრო ნათელი გახადა, რომ ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება დამოკიდებულია ქვეყნის ძალისხმევაზე კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირმა თავის ყველა განცხადებაში აღნიშნა, რომ სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმები ქვეყნისთვის აბსოლუტური პრიორიტეტი უნდა იყოს.

ეს ასევე ხაზგასმით აღინიშნა შარლ მიშელის დეტალურ წინადადებაში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს საჭირო რეფორმები და ყურადღება გაამახვილოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, საარჩევნო და სასამართლო სისტემებში ნაკლოვანებებზე. ამ სფეროებში მიღწეულ პროგრესს უდავოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

_ევროკავშირის და პირადად შარლ მიშელის ჩართულობით მიღწეული შეთანხმება და კრიზისის შეძლებისდაგვარად გადაჭრა ხომ არ უხსნის ქვეყანას ახალ გზას ახალი შესაძლებლობებისკენ?

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ცოტა სუსტი გეოპოლიტიკური მოთამაშეა, მისმა აქტიურმა ჩართულობამ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროს ევროკავშირის რეპუტაცია განამტკიცა.

ევროკავშირმა თავისი ეფექტური შუამავლობით მოახერხა შეთანხმების მიღწევა ძალზედ პოლარიზებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც თითქმის შეუსრულებელ მისიად წარმოგვედგინა. საბოლოო ჯამში, შეთანხმებამ ხაზი გაუსვა, რომ ორივე მხარისთვის, ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერა.

_როგორც ცნობილია, საქართველო 2024 წელს გეგმავს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას?

ზოგადად, გაფართოების საკითხის განხილვისას, ევროკავშირი გაწევრიანების, ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმებს მიჰყვება, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების სამ ძირითად პირობას მოიცავს. ეს არის პოლიტიკური კრიტერიუმები, რომლებიც მოიცავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის გარანტიას, ინსტიტუტების სტაბილურობას; ეკონომიკურ კრიტერიუმებს - რაც გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის არსებობას; ასევე - ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, რათა ეფექტურად შესრულდეს ვალდებულებები ევროკავშირის წევრობისთვის.

ამჟამინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს აშკარად აქვს პრობლემები პირველ პირობებთან დაკავშირებით და 2024 წლისთვის პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეიძლება გამოწვევაც კი იყოს. რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საკმაოდ წინ მიიწევს DCFTA– ს განხორციელების მიმართულებით, საქართველოს ეკონომიკა მაინც საკმაოდ სუსტი და მყიფე რჩება, რაც ეჭქვეშ აყენებს ევროკავშირის ერთიან ბაზართან უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას, უარყოფითი გვერდითი ეფექტების გამო.

საქართველოს ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს „კარგი მმართველობისთვის ბრძოლაში” ცალკე პრობლემები აქვს. ამიტომ, 2024 წელს ევროკავშირში წევრობის მოთხოვნა საქართველოსთვის საკმაოდ გამოწვევებით გეგმა უნდა იყოს.

გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების გარდა, საქართველოს წევრობის პერსპექტივები ძალიან არის დამოკიდებული ევროკავშირის პოლიტიკურ ნებასა და ევროკავშირის პოლიტიკაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ევროკავშირის ახალი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, რომელიც 2020 წლის მარტში გამოქვეყნდა, არ ითვალისწინებს არც წევრობის პერსპექტივას და არც ბევრ კონკრეტულ განახლებას ევროკავშირთან ასოცირებულ ტრიოსთან ურთიერთობებში, საქართველოს ჩათვლით. თუმცა ახალი პოლიტიკის ჩარჩოში მოცემულია ის სფეროები, სადაც თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს, მაგალითად, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია. ამ მიმართულებით, „მეტი მეტისთვის“ წინადადების შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება შეუძლია.