მაშინ, როდესაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები ისევ ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, აშშ-ს არჩევნებში გადამწყვეტი დღეა. სავარაუდოდ დღეს გაირკვევა, ვინ იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი. „მოპარულ არჩევნებზე“ განცხადებები აქტუალურია როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. ამის გამო დონალდ ტრამპა ეუთოს წარმომადგენლის კრიტიკაც კი დაიმსახურა, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ კენჭისყრის პროცესში თაღლითობას ჰქონდა ადგილი. „ამ რიტორიკით წახალისებულმა ტრამპის მომხრეებმა შესაძლოა ძალადობა მიიჩნიონ ლეგიტიმურ იარაღად“, - მიიჩნევს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.
ჯო ბაიდენის შტაბი გამარჯვებში დარწუნებულია, ამის საფუძველს მას ბოლო მონაცემი აძლევს. ორივე კანდიდატის საგარეო პოლიტიკურ ხედვაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილ თანაშემწეს ვკითხეთ. მეთიუ ბრაიზა „ევროპათაიმს“ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და ამერიკული ინვესტიციების თემაზეც ესაუბრა.
მეთიუ ბრაიზა: დონალდ ტრამპი ნატოს დიდი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა. ის მომხრე არ არის, რომ მოკავშირეებთან ერთად ითანამშრომლოს ალიანსთან. პრეზიდენტმა აირჩია დაპირისპირების პოლიტიკა ირანთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით. ის ნამდვილად არ არის ფოკუსირებული სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მას სხვაგვარი მიდგომა აქვს - ის კარგად იცნობს რუსეთის აგრესიულ მისწრაფებებს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ობამას ადმინისტრაციაში ის უკრაინის საკითხებზე მუშაობდა მაშინ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
ღრმად აქვს გააზრებული ნატოს მნიშვნელობა და უკიდურესად მნიშვნელოვნად მიაჩნია მოკავშირეებთან ერთად გადაჭრას პრობლემები. ვფიქრობ, ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი არ აირჩევს დაპირისპირების გზას - ის არც მეგობრულად იქნება ჩრდილოეთ კორეასთან, თუმცა არც კონფრონტაციაში შევა.
_როგორ შეაფასებთ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ოპოზიციის გადაწყვეტილებას, უარი თქვან პარლამენტში შესვლაზე?
გავეცანი ამერიკის საელჩოს განცხადებას და ეუთო/ოდირის შეფასებებს, რომლის მიხედვითაც არჩევნები კონკურენტულ და ზოგადად თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული დარღვევებიც, რაც შემდგომში უნდა გამოსწორდეს. ოპოზიციამ პროტესტის ასეთი ფორმა აირჩია. ეს გასაგებია, თუმცა ვფიქრობ უკეთესია, თუ პოლიტიკური ლიდერები ამომრჩევლის იტერესებისთვის პარლამენტში იბრძოლებენ. კარგი არ არის, რომ ოპოზიცია ბოიკოტის გზას ირჩევს.
_ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პორტების განვითარება, მეტი ამერიკული ინვესტიციები. რა მოსაზრება გაქვთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, ასევე როგორც ცნობილია, ამერიკული კომპანია „Tramo Group-ი“ ბათუმის პორტში აშენებს მინერალური სასუქების ტერმინალს. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს საქართველოსთვის და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიციის მოსაზიდად?
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი პროექტია. ნებისმიერ შემთხვევაში, მეტი ამერიკული ინვესტიციის მოსაზიდად, საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო გარემო უფრო უნდა გააუმჯობესოს.
სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტის შეჩერება უკიდურესად ნეგატიურად აღიქვეს ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ მისი მიზანია, გააძლიეროს საინვესტიციო გარემო; პატივი სცეს სამართლებრივ შეთანხმებებს კომერციულ სუბიექტებსა და კომპანიებს შორის. საქართველოს ძალიან კარგი პოზიციები აქვს აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით, რადგან ნატოს ასპირანტი ქვეყანაა და აშშ-ში, ძალიან ბევრ ადამიანს სურს, რომ საქართველო ნატოს წევრი იყოს. საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, ის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. რაც შეეხება ყურადღების გამახვილებას საინვესტიციო გარემოზე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ამის გაკეთება შეუძლია.
_თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ დასანანი იქნება, თუ საქართველო რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას - საუბარია პროექტზე, რომლის განხორციელებაზეც აზერბაიჯანული კომპანია „აზერტელეკომი“ მუშაობს და რომლის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილიც „კავკასუს ონლაინის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია. რა მოლოდინები გაქვთ, ამ პროექტის, ასევე ანაკლიის პროექტის მომავალთან დაკავშირებით?
_არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ზოგადად ციფრული ჰაბის პროექტს, თუ ეფექტური, სწრაფი, ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელი პირდაპირ თბილისზე გაივლის, შესაძლოა, თბილისში დიდი მონაცემთა ცენტრები აშენდეს. ასე რომ, ის ფაქტი, რომ ამ პროექტმა წინ ვერ წაიწია, დიდი მარცხია. ესეც ნეგატიურად აღიქვეს როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის დედაქალაქ ბრიუსელში. მაგრამ ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობაში გამოიძებნება გზები ამ პროექტის განხორციელებისთვის