პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
საკომიტეტო მოსმენა, დაახლოებით, 7 საათს გაგრძელდა. ცვლილებებისთვის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოს წევრებმა, ანა ნაცვლიშვილმა და შალვა შავგულიძემ.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას განიხილება. კანონპროექტი უკვე გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და საქართველოს პარლამენტი მის დასკვნას ელოდება.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, შესათანხმებელი რჩება მნიშვნელოვანი საკითხები.
„ორი კანონპროექტი რომ შევადაროთ ერთმანეთს, რა იყო სასტარტო მდგომარეობა და რა იხილებოდა თუნდაც დღეს, ცვლილებები ჩანს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე, შეთანხმების ყველა მუხლი და პუნქტი ისე გაიწეროს, რაც არა ფორმალურ შესრულებას, არამედ რეალურ შესრულებას უზრუნველყოფს. ვიდრე არ ვნახავთ ამ სიცხადეს ტექსტში, მხარდაჭერის დაფიქსირებისგან თავს ვიკავებთ“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
მომავალ კვირაში ცვლილებების პროექტი უკვე სესიაზე გადის. ამასთან, პროექტი ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი.
საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს.