ლიეტუვის პრეზიდენტი ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირს ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მან BBC- ს განუცხადა, რომ ამ ნაბიჯებმა "შეიძლება უფრო დიდი გავლენა მოახდინოს ბელარუსის რეჟიმის ქცევაზე“.

ათობით ბელარუსიელ მაღალჩინოსანს მათ შორის პრეზიდენტ ლუკაშენკოს უკვე დაწესებული აქვთ ევროკავშირის სანქციები, მათ შორის არის მოგზაურობის აკრძალვები და აქტივების გაყინვა. ეს სანქციები დაწესებულია ოპონენტების რეპრესიების საპასუხოდ.

დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსის ქმედებები, თვითმფრინავის მიმართულების შეცვლისა და ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრების შემდეგ დაგმეს.

ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ საპასუხო ზომებს, რასაც კავშირის აღმასრულებელმა ორგანიზაციამ "გატაცება" უწოდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი თქვა, რომ ეს „შოკისმომგვრელი ქმედებაა“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეშფოთება გამოთქვა მინსკში ათენი-ვილნიუსის რეისის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აუცილებელია ინციდენტის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოძიება.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ, რომან პროსტასევიჩის დაკავებით, საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და ინციდენტი საერთაშორისო დონეზე უნდა გამოიძიონ.

„თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირის კომპანიის მფლობელობაშია, ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის ასრულებდა რეისს და 100-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, ბელარუსული სამხედრო თვითმფრინავით აიძულეს, დაშვებულიყო.

ერთ-ერთი მგზავრი, ბატონი რომან პროტასევიჩი, დამოუკიდებელი ჟურნალისტია ბელარუსიდან. ის ხელისუფლებამ დააკავა და მინსკის აეროპორტში ბორტზე მოხვედრის საშუალება არ მისცა. ეს კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მცდელობაა ბელარუსის ხელისუფლებისგან, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. მოვუწოდებთ რომან პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ამ იძულებითი აქტის განხორციელებისას, ბელარუსის ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი 24-25 მაისს, ბრიუსელში იმართება.