სალომე ზურაბიშვილი Ryanair-ის რეისის იძულებით დაშვებაზე: დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულვებელყოფაც შეუძლებელია

„მიუღებელია Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს.

„მიუღებელია Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულვებელყოფაც შეუძლებელია“, - წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის მინსკში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა.

ევროპული ქვეყნები და აშშ მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. მანამდე ლიდერებმა ბელარუსის საჰაერო სივრცის დაკეტვა მოითხოვეს.