ევროკავშირი ბელარუსს 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო დახმარებას გაუყინავს

ევროკავშირმა ბელარუსისთვის გათვალისწინებული სამი მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი შეაჩერა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო და ეკონომიკური პაკეტი არსებობდეს, თუმცა იგი გაყინული დარჩება, ვიდრე ბელარუსი დემოკრატიული არ გახდება...

ჩვენ ზეწოლას განვახორციელებთ რეჟიმზე, ვიდრე ის საბოლოოდ არ სცემს პატივს მედიისა და აზრის თავისუფლებას", – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა, სანქციები დაუწესოს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებულ პირებს, ასევე ქვეყნის ხელისუფლების დამფინანსებელ კომპანიებს და ბელარუსის საავიაციო სექტორს.

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.