ანდრიუს კუბილიუსი: ლუკაშენკო უნდა დაისაჯოს როგორც ტერორისტი, არამხოლოდ სანქციებით, არამედ ციხით

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ბელარუსის პრეზიდენტს ტერორისტად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.

„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ - რატომ გასცა ლუკაშენკომ თვითმფრინავის გატაცების ინსტრუქცია? იმიტომ, რომ დასავლეთი აქამდე გულგრილად უყურებდა მას და არ დასაჯა სხვა ყველა დანაშაულისთვის. იმიტომ, რომ ასეთი დანაშაულები ჩაიდინეს ბელარუსში და არა დასავლეთში. შეუჩერებელი დიქტატორი ხდება ტერორისტი, რომლის საფრთხე დასავლეთისთვის უკვე არაპროგნოზირებადია: დღეს თვითმფრინავი გაიტაცეს, ხვალ შესაძლოა, ატომური ელექტროსადგური აფეთქდეს

ლუკაშენკო უნდა დაისაჯოს ისე, როგორც სხვა ტერორისტები ისჯებიან: არამხოლოდ სანქციებით, არამედ რეალური საერთაშორისო ტრიბუნალით და ციხით.

და თუ ეს არ გაკეთდება, ყველა საერთაშორისო სამგზავრო ავიაცია გახდება სხვა დიქტატორების სამიზნე: ვინ გაბედავს ფრენას არამხოლოდ ბელარუსის, არამედ რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის, ვენესუელის და ა.შ. გავლით.

ერთადერთი პრევენცია ლუკაშენკოს ახალი სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ, რაც შეიძლება ბევრად უფრო საშიშიც კი იყოს, საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებაა საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემის შესახებ.

ტერორიზმის პოტენციური საფრთხე, როგორც წესი, თავისთავად არ ქრება - დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ფიქრი და ჭორაობა, რომ ისინი უძლურნი არიან ამ ტიპის დიქტატურის წინაშე.

ასეთ ტერორისტთან ბრძოლისას არ შეგიძლია, დაივიწყო მისი თანამზრახველები, მხარდამჭერები და დამფინანსებლები. სანქციები კრემლის მიერ ლუკაშენკოს დიქტატურის და ტერორიზმის დაფინანსების გამო უნდა იყოს იგივე, რაც ამერიკელებმა ალ-ქაიდას ტერორისტების დაფინანსებისთვის მოითხოვეს“, - წერს კუბილიუსი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.