თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ პუტინს ჟენევაში, 2021 წლის 16 ივნისს შეხვდება. ლიდერები აქტუალური საკითხების სრულ სპექტრს განიხილავენ, რადგან ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ პროგნოზირებადობა და სტაბილურობა აშშ-რუსეთის ურთიერთობებში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ განცხადებამდე, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.

ცნობისთვის, აპრილში, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში ორმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.