თავდაცვის მინისტრი: მინდა განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს დამოუკიდებლობის მოპოვებას

„მსურს, განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე წვევამდელებს, რომლებიც სამხედრო ფიცის დადებით იმ განსაკუთრებლობის თანაზიარი გახდნენ, რასაც სამშობლოს დაცვა ჰქვია“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

„მინდა, განსაკუთრებული პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს დამოუკიდებლობის მოპოვებას, მის დაცვას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ქვეყნის წინაშე მათ დამსახურებას და მომავალ თაობებს მათი გმირობის მაგალითზე აღვზრდით. ჩვენ ვალია, გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის, თავდაცვის ძალების გაძლიერება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.