დავით ზალკალიანი: ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე ევროკავშირის განცხადებას შევუერთდით

ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება. დაუყოვნებლივ მოვუწოდეთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც უკანონოდ იყო დაკავებული, გათავისუფლებულიყო. რა თქმა უნდა, ჩვენი განცხადება გულისმხობდა იმ ადამიანს, ვის გამოც დაბრუნდა თვითმფრინავი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბელარუსი ჟურნალისტის დაკავების კომენტირებისას.

მინისტრის თქმით, საქართველო მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებასაც შეუერთდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას, რომელიც მიიღეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც პირდაპირაა საუბარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და საქართველო არის თანამონაწილე და ჩვენ ამ განცხადების ხელმომწერი ვართ. ჩვენ ყველანაირად ვიქნებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გვერდით იმისთვის, რომ ფუნდამენტური უფლება - ადამიანის უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.